საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ Ctrl+ENTER


Система Orphus

Login Form



skype

ადმინისტრატორი

Мой статус

გაყიდვების მენეჯერები

Мой статус

Мой статус

 

Who's Online

We have 1899 guests online


Designed by:
Assistance Service &
SiteGround web hosting Joomla Templates

PDF ბეჭდვა ელფოსტა

 

როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი

 

მაღაზიებში, როგორც წესი, გვთავაზობენ კონდიციონერის შერჩევას იმ ოთახის ფართობის მიხედვით, სადაც მის დაყენებას ვაპირებთ. ასეთი მიდგომა რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს – ეს გასაგებია, რამდენადაც კონდიციონერის საჭირო სიმძლავრე უამრავ სხვადასხვა პარამეტრზეა დამოკიდებული და მათ შორის ყველაზე ნაკლებად – სათავსის ფართზე, მაგრამ ეს იმდენად გამყიდვლების "ბრალი" არაა, რამდენადაც მყიდველების: ყველაფერი ის, რასაც თქვენ ახლა წაიკითხავთ, გამყიდველმა რომ ყველა კლიენტს აუხსნას და თან გაგებინებაც დაისახოს მიზნად, კონდიციონერები გაუყიდავი დარჩება და მყიდველი – უკონდიციონეროდ. მიუხედავად ამისა, როცა რაიმეს ვყიდულობთ, ნამდვილად სასარგებლო იქნება რაიმე საბაზო ცოდნა ამ ნივთის შესახებ, რათა შეძლებისდაგვარად ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ.

ამ სტატიაში შევეცდებით სწორედ ეს საბაზო ინფორმაცია გადმოვცეთ კონდიციონერების შესახებ და განვიხილოთ ის ნიუანსები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება კონდიციონერის შერჩევა–შეძენისას.

 

კონდიციონერი (ტერმინი როგორც სჩანს, შემოსულია ინგლისურიდან: condition – [სამუშაო] პირობები ან air-condition – ჰაერის მდგომარეობა), არის მოწყობილობა, რომელსაც სათავსიდან "გააქვს სითბო" გარეთ, ან, რაც იგივეა, "შემოაქვს სიცივე" გარედან (გარეთ ეს სიცივე შეიძლება არც იყოს, ანუ უფრო ცხელოდეს, ვიდრე შიგნით; ეს ნიშნავს, რომ სიცივე კონდიციონერის გარე აგრეგატში „მზადდება“). გარდა ამისა, კონდიციონერი ტენსაც აცლის სათავსის ჰაერს და არეგულირებს ტენიანობას; ეს გვერდითი, თანმდევი პროცესია და ასე ვთქვათ, "ავტომატურად" ხდება.

კონდიციონერის ძირითადი საექსპლუატაციო პარამეტრი არის "სიცივის რაოდენობა", რომელიც მას შეუძლია "აწარმოოს" (ანუ "შემოიტანოს გარედან") დროის ერთეულში; ამ პარამეტრს გაციების სიმძლავრე ეწოდება და ისევე, როგორც საერთოდ სიმძლავრე, იზომება კილოვატებში (კვტ). გაციების სიმძლავრე არ უნდა ავურიოთ საკუთრივ კონდიციონერის ელექტრულ სიმძლავრეში, რომელიც 2–3–ჯერ ნაკლებია გაციების სიმძლავრეზე (დამოკიდებულია კონდიციონერის კონსტრუქციაზე, გამოყენებულ მასალებზე, გარკვეულწილად სიმძლავრეზეც და სხვ.), ანუ კონდიციონერი, რომელიც ქსელიდან მოიხმარს 1 კვტ–ს, "აწარმოებს" 2–3 კვტ სიცივეს. ეს ერთი შეხედვით პარადოქსული გარემოება ადვილად გასაგები გახდება, თუ წარმოვიდგენთ კონდიციონერს, როგორც მოწყობილობას, რომელიც თავისი მოხმარებული 1 კვტ–ით ათბობს გარემოს, და ამასთან რაღაც მექანიზმით კიდევ 2–3–ჯერ მეტი სითბო სათავსიდან გააქვს გარეთ.

გაციების სიმძლავრის შეფარდება მოხმარებულ სიმძლავრესთან – კონდიციონერის ენერგოეფექტურობის ძირითადი მაჩვენებელია და მას ERR (Energy Efficiency Ratio) - ენერგოეფექტურობის თანაფარდობა ეწოდება. კიდევ ერთი პარამეტრი COP (Coefficient of Performance) – ეს არის სითბური კოეფიციენტი: გამოყოფილი სითბური სიმძლავრის ფარდობა მოხმარებულ (ელექტრულ) სიმძლავრესთან. საყოფაცხოვრებო კონდიციონერებისათვის ERR დაახლოებით 2.5 – 3.5 დიაპაზონშია, COP კი – 2.8 – 4.0 დიაპაზონში. COP მეტია ERR–ზე იმის გამო, რომ კონდიციონერის კომპრესორი მუშაობისას ცხელდება და ფრეონს დამატებით სითბოს გადასცემს (ანუ, რაც დანაკარგია სათავსის გაგრილებისას, „შემოსავალია“ გათბობისას). ხშირად რეკლამებსა თუ სპეციფიკაციებში კონდიციონერის მაღალეფექტურობის საჩვენებლად ERR–ს ნაცვლად „გულუბრყვილოდ“ მითითებულია COP, რაც მყიდველის შეცდომაში შეყვანის არცთუ კეთილსინდისიერ მცდელობად შეიძლება ჩავთვალოთ.

კონდიციონერების ენერგოეფექტურობის აღსანიშნავად შემუშავებულია სპეციალური 7–კატეგორიიანი სკალა A–დან (უკეთესი – COP > 3.6 და ERR > 3.2) G–მდე (უარესი – COP <2.4 და ERR < 2.2).

ეს პარამეტრები ISO 5151–ს თანახმად იზომება მაშინ, როცა ტემპერატურა გარეთ 35 °С–ია, შიგნით კი 27 °С. ამ პირობების შეცვლისას კონდიციონერის სიმძლავრეც და მქკ–ც შესაბამისად შეიცვლება.


კონდიციონერის სიმძლავრის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს: თუ არასაკმარისი სიმძლავრის კონდიციონერი იქნა შერჩეული, არასწორი შერჩევის შედეგი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ცხელი ამინდის დროს (ჯერ ერთი, კონდიციონერი ვეღარ შეძლებს სათავსის გაგრილებას სასურველ დონეზე, მეორეც – იმის გამო, რომ კონდიციონერი გადატვირთული იქნება უწყვეტი მუშაობით და თან ვერ მოხერხდება ოთახიდან „გამოტანილი“ ჭარბი სითბოს სრულად ართმევა გამაცივებელი აგენტისათვის, კომპრესორი გადახურების რეჟიმში იმუშავებს და ბევრად ადრე გამოვა მწყობრიდან), ხოლო თუ კონდიციონერი ზაფხულის ბოლოს დაყენდა, საერთოდ ერთი წლის შემდეგ, როცა ვინმესთვის პრეტენზიის წაყენებაც გვიანი იქნება. მეორე მხრივ. არც ზედმეტი სიმძლავრის კონდიციონერის დაყენებაა სასურველი – მეტი სიმძლავრის აგრეგატი მეტი სიმძლავრის ნაკადს იძლევა, რაც ქმნის როგორც საერთო დისკომფორტს, ასევე გაციების საშიშროებას; მძლავრი კონდიციონერი იძულებული იქნება უფრო ხშირად ჩაირთოს–გამოირთოს, რაც მეტად არასასურველი რეჟიმია კომპრესორისათვის და მის დაჩქარებულ ცვეთას გამოიწვევს; გარდა ამისა, მძლავრ კონდიციონერს ფასიც მეტი აქვს და ხმაურიც.


კონდიციონერის შერჩევისას გასათვალისწინებელია:

  1. სათავსის ფართობი;
  2. სათავსის სიმაღლე;
  3. სათავსის შენობის კაპიტალურობა;
  4. კედლის ფართობი (სამხრეთ მხარეზე);
  5. ფანჯრების ფართობი (სამხრეთ მხარეზე);
  6. კონდიციონერის ინსტალაციის ადგილი (მზის პირდაპირი სხივების მოხვედრა);
  7. სტატისტიკური კლიმატური პირობები (მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა);
  8. სათავსში მომუშავე აპარატურის მიერ გამოყოფილი სიმძლავრე;
  9. სათავსში მომუშავე პერსონალის რაოდენობა;
  10. სათავსში არსებული ტიხრები.

თუ ლაპარაკია კაპიტალურ რკინაბეტონის შენობაზე, დასაწყისისთვის გაციების საჭირო სიმძლავრე შეიძლება გამოვთვალოთ შემდეგი ფორმულით:

Q = q * S * h, სადაც

Q — გაციების სიმძლავრე (ვტ);

S — სათავსის ფართობი (კვ. მ);

h — სათავსის სიმაღლე (მ);

q — კოეფიციენტი, საქართველოს კლიმატური პირობებისა და კაპიტალურ რკინაბეტონის შენობისათვის უდრის 35 ვტ/კუბ. მ (სამხრეთ მხარისათვის – 40, ჩრდილოეთისათვის – 30, საშუალოდ 35). ეს კოეფიციენტი სხვა იქნება სხვა კლიმატური სარტყელისათვის, ასევე ლითონის ანგარისა ან მინით გადახურული შენობისათვის.

ამას დაემატება სამხრეთით გამავალი ფანჯრების ყოველ კვადრატულ მეტრზე 400 ვტ (საქართველოს განედისათვის).

შემდეგ ვამატებთ სათავსში მომუშავე აპარატურის მიერ გაბნეულ სიმძლავრეს:

კომპიუტერი – 400 ვტ;

პრინტერი – 100 ვტ;

სხვა აპარატურა – საპასპორტო სიმძლავრის 1/3;

განათება;

დაბოლოს, სათავსში მუდმივად 8–საათიანი გრაფიკით მომუშავე პერსონალისათვის – თითო ადამიანზე 150 ვტ.



მაგალითისათვის გამოვთვალოთ საჭირო გაციების სიმძლავრე შემდეგი პირობებით:


სათავსის ფართობი – 45 კვ. მ;

სათავსის სიმაღლე – 3 მ;

კომპიუტერი – 7 ც;

პრინტერი – 1 ც;

მონიტორები – 7*30=210 ვტ;

განათება – 50 ვტ;

პერსონალი – 6 ად;

ფანჯარა სამხრეთით – 2,5 კვ.მ:

Q= 45*3*35+7*300+100+7*30+6*150+2,5*400=9035 ვტ


ახლა უნდა შევარჩიოთ საჭირო სიმძლავრის აპარატი. კონდიციონერებს ძირითადად უშვებენ ე. წ. სტანდარტული რიგის შესაბამისად – 2,0; 2,5; 3,5; 5,0; 7,0 ... კვტ. არის მეორე კლასიფიკაციაც – „კონდიციონერული ჟარგონით“ მოდელებს ეწოდებათ „შვიდიანი“, „ცხრიანი“ და ა. შ. ეს ციფრები ფიგურირებენ მოდელის დასახელებაშიც, და გამოხატავენ სიმძლავრეს ე. წ. ბრიტანულ სითბურ ერთეულებში (British Thermal Unit — BTU). 1 ბსე/სთ უდრის დაახლოებით 0,3 ვტ–ს, შესაბამისად, კონდიციონერი სიმძლავრით 7000 ბსე/სთ იძლევა სიცივეს 2,1 კვტ სიმძლავრით, მის დასახელებაში იქნება ციფრი 7 და მას „შვიდიანს“ ეძახიან. ამავე დროს, ზოგი მწარმოებელი დასახელებაში პირდაპირ კილოვატებს რთავს (მაგ.:FTY35).


შესაბამისობა „სიცივის სიმძლავრესა“ და BTU–ს შორის ასეთია:

 

W

kW

BTU/h

2000

2

7000

2500

2,5

9000

3200

3,2

10000

3300

3,3

11000

3500

3,5

12000

5100

5,1

18000

6500

6,5

22000

6800

6,8

24000



საჭირო სიმძლავრის ზუსტი განსაზღვრა იმდენად რთულია და იმდენ სხვადასხვა მომენტებს მოიცავს, რომ სპეციალისტებისთვისაც კი საკმაოდ ძნელ ამოცანას წარმოადგენს, მაგრამ მოყვანილი მეთოდიკა იძლევა საშუალებას საკმაო სიზუსტით შეფასდეს კონდიციონერის მონაცემი. მეთოდიკასთან გაცნობა სასარგებლოა მაშინაც, თუ ვაპირებთ სპეციალისტის მოწვევას კონდიციონერის მომწოდებლისაგან – სხვა თუ არაფერი, იმისგან მაინც ვიქნებით დაზღვეული, რომ რაიმე ჩაწოლილი ზედმეტი სიმძლავრის აგრეგატი არ შემოგვაჩეჩონ, ან კიდევ ნაკლები სიმძლავრისა – ფასდაკლების ნიღბით.


კონდიციონერის კიდევ ერთი პარამეტრი – ეს არის ხმაურის დონე. ოფისის შემთხვევაში, როცა სამუშაო გარემოს ხმაური 25–45 დეციბელის ფარგლებშია, თანამედროვე კონდიციონერები პრაქტიკულად არ ქმნიან პრობლემებს, უბრალოდ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ საპასპორტო მონაცემი შიდა აგრეგატისათვის არ აღემატებოდეს 35 დბ–ს – ამის ზევით ის უკვე დისკომფორტის წყარო გახდება. უნდა მივაქციოთ ყურადღება იმასაც, რომ დოკუმენტაციაში მითითებული ხმაურის დონე შეიძლება არ შეესაბამებოდეს კონდიციონერის მაქსიმალურ რეჟიმში მუშაობისას მიღებულ მნიშვნელობას, არამედ ნაჩვენები იყოს საშუალო ან სულაც მინიმალურ რეჟიმში გამოცემული ხმაური; ამან კი შეიძლება შეგვიყვანოს შეცდომაში.

გასათვალისწინებელია, რომ კონდიციონერები მხოლოდ მონოტონურ ხმას კი არ წარმოქმნიან, არამედ შეიძლება გამოსცენ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ტკაცუნები (პლასტმასისა და ლითონის კონსტრუქციული დეტალების გაფართოების ან პირიქით, გაცივებისას შეკუმშვის შედეგად), ჩხრიალი, ფრეონის შიშინი ან კონდენსირებული წყლის ბუყბუყი და სხვა. ეს ხმები არც ძლიერია და არც ხანგრძლივი, მაგრამ მათ სწორედ არამონოტონურობის და მოულოდნელობის გამო შეიძლება შეუქმნან დისკომფორტი გარშემომყოფებს (და სათავსში მყოფებსაც). გამოცდილ ადამიანს ასეთი ეფექტის წარმოქმნის საშიშროების შეფასება შეუძლია გამოყენებული პლასტმასებისა და საერთო–კონსტრუქციული შესრულების ხარისხის მიხედვით.

რაც შეეხება გარე აგრეგატს, მისი ხმაურის დონე მხოლოდ იმ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი, თუ დაყენებულია მეზობელი საცხოვრებელი ფართების, განსაკუთრებით საძინებლების სიახლოვეს, მითუმეტეს, თუ ღამითაც უწევს კონდიციონერს მუშაობა. სხვა მხრივ, დახურულ ფანჯრებში თანამედროვე კონდიციონერების ხმა პრაქტიკულად არ შემოდის (ღია ფანჯრებიან სათავსში კი კონდიციონერის მუშაობა დაუშვებელიცაა, რაც პასპორტებშიცაა მითითებული).


კონდიციონერები იყოფიან კიდევ ერთი მახასიათებლის მიხედვით – ინვერტორული და ჩვეულებრივი. ჩვეულებრივ კონდიციონერში, რომელიც სათავსში ტემპერატურის რეგულირებას ჩართვა–გამორთვით ახდენს, მაცივარ–აგრეგატი ან ჩართულია, ან გამორთული – არ ხდება ჰაერის ნაკადის არც სიჩქარისა და არც ტემპერატურის რეგულირება (რომელიც 13 °С–ს ფარგლებშია), ეს კი ნიშნავს, რომ ასეთი კონდიციონერი ჩართვისას მთელი ძალით უბერავს 13 °С–იან ჰაერს, რაც ამ ნაკადის არეში მჯდომისათვის არა მარტო უსიამოვნო, არამედ სახიფათოცაა. ინვერტორულ კონდიციონერებს უყენიათ გამმართველები, და მათი კომპრესორი მუდმივი ძაბვით იკვებება, რაც კომპრესორის რეჟიმის და, შესაბამისად, ჰაერნაკადის სიჩქარისა და ტემპერატურის რეგულირების საშუალებას იძლევა. ასეთი კომპრესორი მთლიანად თითქმის არ ითიშება, სრული სიმძლავრით კი მხოლოდ მაქსიმალური სიცხის დროს მუშაობს. თუ ასეთი გადაწყვეტილება ფინანსურად გამართლებული იქნება, ხალხმრავალ ოფისში სასურველია ინვერტორიანი კონდიციონერის დაყენება (ბოლო დროს კონდიციონერების უმრავლესობა სწორედ ასეთია). ასეთი აგრეგატები ნაკლებად გამოსცემენ ზემოთაღწერილ ხმებსაც ტემპერატურების მკვეთრი ცვლილებების არარსებობის გამო.


ჩამოთვლილების გარდა, კონდიციონერებს აქვთ ასევე დამატებითი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი რეჟიმები და ფუნქციები; ჩამოვთვალოთ ზოგი მათგანი:

გაციება და გათბობა. ამ უკანასკნელის მნიშვნელობა, როგორც წესი, გაზვიადებულია – ჯერ ერთი, მკაცრი სიცივის პირობებში კონდიციონერი ვერ ათბობს, ყველაზე ეფექტური მისი გამოყენება გაზაფხულზეა და შემოდგომით (ამ დროს ის მართლაც იძლევა 3–4–ჯერ მეტ სითბოს, ვიდრე მოიხმარს ელექტროკვების ქსელიდან); მეორეც, რადგანაც შიდა აგრეგატი მაღლაა განლაგებული, ასეთი „ზემოდან ქვევით“ გათბობა საერთოდ არაეფექტურია. ასე, რომ ჩვენში ამ ტიპის კონდიციონერების გავრცელებული სახელწოდება „ზამთარი–ზაფხული“ საკმაოდ პირობითია და იტალიის ან კორეის კლიმატისთვის უფროა შესაბამისი, ვიდრე, ვთქვათ, აღმოსავლეთ საქართველოსი. საერთოდ კი გასათბობად სჯობს სტანდარტული გამათბობლები გამოვიყენოთ, რომლებიც, სხვა თუ არაფერი, კონდიციონერებზე 10–20–ჯერ იაფია;

ვენტილაცია; ეს უბრალოდ შიდა ჰაერის სათავსში დატრიალებაა, მაგრამ ხანდახან ესეც ფრიად სასარგებლო რამაა, განსაკუთრებით ზამთარში სხვა წყაროებით გათბობისას, როცა მთელი სითბო ჭერთან გროვდება, იატაკთან კი ყინავს;

ავტომატური რეჟიმი (აქვს თითქმის ყველა თანამედროვე აპარატს);

ჰაერის გაშრობა; როგორც ვთქვით, ჰაერის გაციებისას ყოველთვის ხდება მისი გაშრობა, მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ არ გვინდოდეს გაციება, არამედ მხოლოდ გაშრობა; ასეთი რეჟიმის ქონა სასარგებლოა ტენიანი კლიმატის პირობებში;

ჰაერის გაფილტრვა; ჩვეულებრივი (მტვრის, კვამლის, ყვავილთა მტვრის...) ფილტრების გარდა კონდიციონერს შეიძლება ჰქონდეს ნახშირის ფილტრი (უსიამოვნო სუნის გასაქრობად), ელექტროსტატიკური და ა. შ. ზოგჯერ ეს საკმაოდ საჭირო ფუნქციებია;

ვენტილატორის სიჩქარის რეგულირება; შეიძლება იყოს მდორე ან საფეხურობრივი, ავტომატური (ტემპერატურის მიხედვით) ან დაყენებადი და ა. შ.;

ჰაერნაკადის მიმართულება – შეიძლება რეგულირდებოდეს როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ სიბრტყეში; შეიძლება ავტომატურად მოძრაობდნენ ზემოთ–ქვემოთ სიგრილის თანაბრად გასანაწილებლად და ა. შ.;

ჩართვა–გამორთვის ტაიმერი; საკმაოდ საჭირო ფუნქციაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სათავსის როგორც გაგრილება, ასევე გათბობა საკმაოდ (ზოგჯერ საკმაოზე მეტადაც) ინერციული პროცესია; შეიძლება დაყენდეს ჩართვის დრო სამუშაოს დაწყებამდე 0.5–1 სთ–ით ადრე და სამუშაო დღეც კომფორტულ პირობებში დაიწყება;

ღამის რეჟიმი; გარკვეულ საათებში ასეთი კონდიციონერი გადადის მინიმალური ინტენსიობით მუშაობის რეჟიმში; განსაკუთრებით სასარგებლოა საძინებლებში გამოსაყენებლად, მაგრამ სამუშაო სათავსშიც მოენახება გამოყენება;

დისტანციური პულტი; განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ტემპერატურის სენსორი პულტშია (და არა შიდა აგრეგატში) – ამ დროს პულტისათვის ადგილის სწორად შერჩევით შეგვიძლია მივაღწიოთ ტემპერატურის მაქსიმალურად სასურველ განაწილებას სათავსში;

არსებობს როგორც კვების შეფერხებებისას დაზიანებისაგან დაცვის, ასევე არასწორი ექსპლუატაციის შედეგებისაგან დაცვის ფუნქციები. ხშირად გაუმართლებლად აძვირებს აპარატს. აღსანიშნავია შემდეგი ფუნქციები:

  • რესტარტი კვების შეწყვეტისა და აღდგენის შემდეგ;
  • ფილტრების მდგომარეობის კონტროლი;
  • ფრეონის გაჟონვის კონტროლი;
  • მოხმარებული სიმძლავრის გადატვირთვის კონტროლი;
  • ყინულის ავტომატური დნობა (გარე აგრეგატებში);
  • დაბალ ტემპერატურაზე ჩართვისგან დაცვა;

სპეციალური ელექტროსქემები, რომლებიც აფართოებს კონდიციონერის სამუშაო ტემპერატურულ დიაპაზონს 10–15 გრადუსით.

დრენაჟის და კომპრესორის კარტერის გათბობის მოწყობილობები;

სადრენაჟო ტუმბო; თუ ის აყენია, გაცილებით ადვილდება კონდენსირებული წყლის მოცილება, რომელიც სხვა შემთხვევაში მხოლოდ თვითდინებით შეიძლება სადმე დაგროვდეს ან სულაც წვეთავდეს კონდიციონერიდან;

დამცავი სახურავი (მზის სხივებისაგან) და გისოსები (კონდიციონერის ნებით ან უნებლიე დაზიანებისაგან);


დაბოლოს, გავუსვათ ხაზი ერთ გარემოებას: კონდიციონერი არ ხსნის სათავსის ვენტილირების – ოთახში მყოფი ჰაერის გარედან შემოტანილი სუფთა ჰაერით შეცვლის – პრობლემას; ანუ მას შეუძლია გაათბოს ან გააციოს ჰაერი ოთახში, მაგრამ არ შეუძლია გარედან შემოუშვას სუფთა ჰაერი. ასეთია ყველა თანამედროვე საყოფაცხოვრებო კონდიციონერი (ე. წ. სპლიტ–სისტემები). ამაში დასარწმუნებლად საკმარისია შევხედოთ, თუ რითი უერთდებიან ერთმანეთს გარე და შიდა აგრეგატები – აქ მხოლოდ ფრეონის (უფრო სწორად, გამაცივებელი აგენტის, რომელიც არ არის აუცილებელი ფრეონი იყოს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ასეა) მილებია, ჰაერი რომ გადიოდეს ისეთი კი არაფერი სჩანს; ჰაერის „ვენტილირების შესაძლებლობა“ კი, რომელიც ურცხვადაა აღნიშნული ზოგი პროდუქციის დოკუმენტაციაში, როგორც აღვნიშნეთ, სინამდვილეში სათავსის შიგნით ჰაერის უბრალოდ დატრიალებაა გაციების ან გათბობის გარეშე. ასე, რომ, თუ რაიმე ეგზოტიკური, მაგალითად „არხული ტიპის“ (სხვათა შორის, ამ ტიპის იყო ძველი „საბჭოთა“ კონდიციონერები) კონდიციონერის დაყენებას არ ვაპირებთ, საჭიროა ვენტილაციაზე ცალკე ვიზრუნოთ.