Термоодежда PDF Печать E-mail

თერმოტანსაცმლის (უფრო ზუსტად მათ დასამზადებლად განკუთვნილი ახალი მასალების) შემქმნელები ირწმუნებიან, რომ თერმოტანსაცმელი (thermal wear, thermowear, ზოგჯერ რატომღაც თერმოდინამიურ ტანსაცმელსაც ეძახიან) – არც მეტი, არც ნაკლები, რევოლუციაა ტანსაცმლის სამყაროში და ჩვენს ყოფაცხოვრებაში.

 

რაც მართალია, მართალია – ტანსაცმლის მასალებში კაცობრიობამ ათასწლეულების მანძილზეც კი დიდად ვერ წაიწია წინ – ყველაზე საუკეთესო მასალები ამისათვის ისევ ტყავი, ბეწვი, მატყლი, ბამბა, სელი და მისთანებია, ანუ ის მასალები, რომლებიც ხიდან ჩამოსულმა (დარვინისტების მიხედვით) თუ ედემიდან რეალობაში აღმოჩენილმა (რელიგიური თვალსაზრისით) ჩვენმა წინაპარმა პირველად მოიხვია ტანზე. ბოლო ათწლეულებში სინთეტური მასალების გავრცელება, ყოველი ახალი ხელოვნური მასალის გამოჩენა კიდევ ერთხელ გვარწმუნებდა იმაში, რომ საუკეთესო მასალებს მხოლოდ ბუნება ქმნის და ადამიანს მისი მხოლოდ უნიჭო ფალსიფიკაცია შეუძლია.

 

ახლა კი შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. მაინც რა არის თერმოტანსაცმელი და რა მასალისგან მზადდება?

 

cratexwayსაერთოდ ტანსაცმელს ორი პრაქტიკული თვისება მოეთხოვება – თბოგაუმტარობა და ტენგამტარობა. თანსაცმელი თუ არ არის თბოიზოლატორი, მასში, ცხადია, გავიყინებით, ხოლო თუ ის ტენგამტარი არ არის, გავიოფლებით – იმიტომ, რომ ჩვენი კანიდან მუდმივად ხდება ტენის გამოყოფა, სიცივეშიც კი, და თუ ის ტენი სადმე არ წავიდა, რამდენიმე საათში ტანსაცმელი გასაწური გახდება, და ასეც ხდება ხოლმე ზოგიერთი უხარისხო, ძირითადად სინთეტური მასალისაგან დამზადებული ტანსაცმლის შემთხვევაში.

 

შეიძლება ეს მოულოდნელიც იყოს, მაგრამ თბოგაუმტარობა იმდენად მასალის შემადგენლობაზე არაა დამოკიდებული, რამდენადაც მის სტრუქტურაზე; ასეა იმიტომ, რომ ჰაერი ნებისმიერ იმ ნივთიერებაზე უკეთესი თბოიზოლატორია, რომელიც შეიძლება შედიოდეს ტანსაცმლის მასალაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაც მეტ ჰაერს (ბუშტუკების ან სხვა სახით) შეიცავს მასალა, მით უფრო კარგი თბოიზოლატორი იქნება ის (სწორედ ამიტომაა ქაფპლასტი, მინის ბამბა და სხვა "ცნობილი" თერმოიზოლატორები ამ თვისების მქონე). რაც შეეხება ტენგამტარობას, ერთი შეხედვით ის პირდაპირ კონფლიქტურია თბოგაუმტარობასთან – ჩვენი სხეული ტენს რომ გამოჰყოფს, მას ენერგიასაც აყოლებს (ასე ვთვათ, 36 გრადუსამდე ვათბობთ წყალს და ისე გამოვყოფთ), ამიტომ ტენგამტარი მასალა წესით თბოგამტარიცაა. ეს დილემა როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური მასალების შემთხვევაში წყდება ბოჭკოვანი სტრუქტურის წყალობით – წყალი ტანსაცმელში გადის არა განიავების (რაც სხეულის გადაცივებას გამოიწვევდა), არამედ გაწოვის (კაპილარული ეფექტის) ხარჯზე.

 

თერმომასალა დამზადებულია სპეციალური ტქნოლოგიით შექმნილი სინთეტური (ან ძირითადად სინთეტური), ზოგჯერ კი მთლიანად ნატურალური (ძირითადად საცვლებისათვის) მასალისაგან და ფენოვანი სტრუქტურა აქვს (არა ყოველთვის); იმის გამო, რომ ბუნებრივი (ბამბის ან შალის) ბოჭკოსაგან განსხვავებით სინთეტური (მაგალითად პოლიურეთანის ან სპანდექსის) ბოჭკო აბსოლუტურად არ იჟღინთება წყლით (ნატურალური ბოჭკოებისაგან დამზადებისას კი ხდება მათგან განსაკუთრებული სტრუქტურის შექმნა), ეს სტრუქტურა უზრუნველყოფს კანიდან ტენის გაწოვას და მის სწრაფ გადაცემას მასალის გარე ფენებზე, საიდანაც ის თავის მხრივ შეიწოვება უფრო ზედა ტანსაცმლის მიერ, სულ ზედადან კი ორთქლდება. თვით მასალის სტრუქტურაში ტენის დაყოვნება პრაქტიკულად არ ხდება; ამით უზრუნველყოფილია ერთი მხრივ, კარგი ტენგამტარობა, მეორე მხრივ კი თბოიზოლაცია და საერთოდ სითბოს დანაკარგების შემცირება – როცა მასალაში ტენია, ჩვენ "ჩვენი თავის" გარდა იმ ტენის გასათბობადაც უნდა ვხარჯოთ ენერგია, თან სველი მასალა გაცილებით თბოგამტარია (ამას ადვილად შევამოწმებთ, თუ ცხელ ტაფას ავიღებთ სველი და მშრალი ჩვრით).

 

ხშირად თერმომასალის სულ გარე ფენა წარმოადგენს სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებულ მემბრანას, რომელიც უზრუნველყოფს ტენის მხოლოდ ერთი მიმართულებით გატარებას – შიგნიდან გარეთ. დამამზადებლები ირწმუნებიან, რომ ასეთ ტანსაცმელში ჩაცმული ბავშვი შეიძლება გუბეშიც ჩაჯდეს და არ დასველდება, მისი კანი კი საუკეთესო რეჟიმში იქნება თერმოტანსაცმლის წყალობით.

 

ასეთია ძირითადად "თერმოტანსაცმლის თეორია". ცხადია, ყოველი კონკრეტული თერმომასალა რაღაცით განსხვავდება სხვებისაგან და საერთო სქემით ყველას ზუსტი აღწერა შეუძლებელია. ამას თავისი მიზეზებიც აქვს;

 

თერმომასალა არ არის უნივერსალური, პირიქით, საკმაოდ სპეციალიზებულია, ისევე როგორც საერთოდ თერმოტანსაცმელი – სულ სხვადასხვაა თერმომასალები საცვლებისა და ქურთუკებისათვის, შარვლებისა და ხელთათმანებისათვის. თერმოტანსაცმლები იყოფიან: თბილი და ცივი ამინდისათვის, აქტიური და ნაკლებაქტიური მოძრაობებისათვის (ამას დიდი მნიშვნელობა აქვს), ყოველდღიურად სატარებლებად და ბუნებაში გასვლებისათვის, სანადირო–სათევზაო, ალპინისტური, სპორტული  – მოკლედ, მნიშვნელოვანი ფაქტორია ტანსაცმლის სწორად შერჩევა დანიშნულების მიხედვით, და ტანზე კარგად მორგება. ყველაზე კარგი ეფექტი ასეთ ტანსაცმელს აქვს სწორედ ყველაზე ცუდ პირობებში – ცივ, ნესტიან, ცვალებად ამინდში, როცა ნებისმიერ სხვა ტანსაცმელში ხან გცივა, ხან გცხელა, ხან კი გცივა და თანაც იოფლები.

 

მართალია, თერმოტანსაცმელი არ არის უახლესი მიღწევა – ათი წელი მაინცაა რაც ბაზარზე გამოჩნდა და რაიმე სუპერბუმი ჯერაც არ დაფიქსირებულა, მაგრამ მისი მწარმოებლები და მომწოდებლები ისევ რიხიანად საუბრობენ მის რევოლუციურობაზე. მეორე მხრივ, ამ ხნის მანძილზე არ ჩამოყალიბებულა რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება თერმომასალებისადმი, შეიძლება ითქვას, ერთეული კრიტიკული გამოხმაურებებიც კი არ ყოფილა, გაყიდვები კი ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება, რაც საფუძველს იძლევა ჩაითვალოს, რომ თერმოტანსაცმელმა და საერთოდ თერმომასალებმა მკაფიოდ დაიმკვიდრეს თავიანთი ნიშა ამ ტიპის საგნების დღევანდელ მრავალფეროვნებაში. ყოველ შემთხვევაში, ექსტრემალური ტანსაცმლის პოზიციაში თერმოტანსაცმელი კონკურენტგარეშეა, თბილი (და არც ისე თბილიც) საცვლები და წინდები კი ბევრ ქვეყანაში უკვე იგულისხმება, რომ ამ მასალისა უნდა იყოს, და მისი შემადგენლობა ხაზგასმით არც აღინიშნება ხოლმე.

 

საბოლოოდ მაინც უფრო პოპულარულია შერეული  – სინთეტური+ნატურალური – მასალებისაგან დამზადებული პროდუქტები. თერმოტანსაცმელი, როგორც ამტკიცებენ, ბამბაზე 3–ჯერ, ხოლო შალზე 2–ჯერ თბილია. გარდა ამისა, ისინი პოზიციონირდებიან, როგორც სამკურნალო ეფექტის მქონენიც; იაპონიაში, მაგალითად, რეკლამებში აღნიშნულია, რომ თერმოტანსაცმელი არეგულირებს სისხლში pH–ბალანსს, უჯრედების რეგენერაციას, აუმჯობესებს ნერვული და იმუნური სისტემების მოქმედებას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

 

ეს თვისებები უკვე დაკავშირებულია ე. წ. უარყოფითი იონიზაციის მასალებთან (Negative Ion Clothing), რაც პრინციპში სულ სხვა რამეა, უბრალოდ თერმომასალების ტექნოლოგია იძლევა საშუალებას საბოლოო პროდუქტს ამ მასალების თვისებებიც გააჩნდეს. ბოლო დროს ზემოთ ნახსენები შერეული მასალები სწორედ ასე მზადდება (განსაკუთრებით საცვლების დასამზადებლად განკუთვნილი).

 

 

 

2101

 

homeshop

 

capst320906_172079_jb1

 

 

 

.