ვებსაიტების დამზადება PDF Print E-mail
There are no translations available.

 

1. ვებსაიტების დამზადება


ვებსაიტი – კომპანიის სავიზიტო ბარათია – ასე ამბობენ სპეციალისტები.

კომპანიისათვის ვებსაიტის შექმნა და გამოყენება რამდენიმე ძირითადი ეტაპისაგან შედგება:

ვებსაიტის სახელის მოფიქრება: აქ გათვალისწინებული უნდა იყოს რამდენიმე მომენტი – სახელის ინფორმატიულობა, ადვილად აღქმადობა და დამახსოვრებადობა, ორიგინალურობა, ეფექტურობა. ზოგი ამ მომენტთაგანი კონფლიქტურია, ამიტომ გარკვეულ კომპრომისებზე შეიძლება მოგვიწიოს წასვლა. სახელის არჩევის შემდეგ ის უნდა დარეგისტრირდეს რომელიმე ორგანიზაციაში, რომელიც ახდენს ე. წ დომენების (Domain Name) რეგისტრაციას.


ვებჰოსტინგის შერჩევა: ჰოსტინგი – ეს არის ადგილი, სადაც ფიზიკურად განთავსდება თქვენი საიტი. ჰოსტერის (ორგანიზაცია ან პირი, რომელიც გითმობთ ამ ადგილს, ანუ მოგაქირავებთ ე. წ. დისკურ სივრცეს თავის სერვერზე) შერჩევისას, ფასისა და სხვა პირობების (მაგალითად, საიტის სამუშაო მდგომარეობაში ყოფნის გარანტირებული პროცენტული მაჩვენებელი) გარდა, ყურადღება უნდა მიექცეს, რამდენად დაცული იქნება ამ ჰოსტერთან თქვენი ინფორმაცია (საიტი), რამდენად ადვილი იქნება საიტის მართვა, მისი გაფართოება (ვებსივრცე, SQL–ბაზების რაოდენობა), არის თუ არა სხვადასხვა ვებპლატფორმების თუ ინსტრუმენტების მხარდაჭერა, ტრაფიკის, სკრიპტების, პროცესორის დატვირთვის ლიმიტები და სხვა.

საიტის დიზაინი: როგორც წესი, დიზაინი – დიზაინერის საქმეა. რა თქმა უნდა, არიან პროგრამისტები, რომლებიც დიზაინსაც ქმნიან და შემდეგ ამ დიზაინის მიხედვით საიტსაც, მაგრამ პრაქტიკაში უკეთესი შედეგი მიიღება დიზაინერისა და პროგრამისტის თანამშრომლობის შედეგად. საუკეთესო ვარიანტია, თუ შემკვეთ ორგანიზაციას უკვე შემუშავებული და დანერგილი აქვს საკუთარი კორპორატიული სტილი (ეს შეიძლება მოიცავდეს კომპანიის ნებისმიერ ასე თუ ისე წარმომადგენლობით ელემენტებს, ანუ ყველაფერი – ლოგოთი და ორგანიზაციის ბლანკით დაწყებული და ოთახების გაფორმებითა და თანამშრომელთა ჩაცმულობით დამთავრებული – ერთ სტილში იქნება გაფორმებული). ამ შემთხვევაში მოხდება საიტის სტილის მისადაგება კორპორატიულ სტილთან. თუ კომპანიას არა აქვს შემუშავებული კორპორატიული სტილი, შეიძლება სწორედ საიტის დამზადება აღმოჩნდეს კარგ დასაწყისად მისი შემუშავებისა და დანერგვისათვის,

საიტის შექმნა: როდესაც კომპანიას მკაფიოდ აქვს გააზრებული, როგორი უნდა იყოს მისი საიტი, რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს მასზე რა სტრუქტურით წარმოდგენილი – მას უკვე შეუძლია მისცეს პროგრამისტს კონკრეტული დავალება საიტის დასამზადებლად. ასე მკაცრად ამ საკითხების გარკვევა იმისათვის არის აუცილებელი, რომ კომპანიას შეეძლოს ცალსახად დააკვალიფიციროს, მიიღო თუ არა მან სწორედ ის, რაც შეუკვეთა, პროგრამისტს კი – შეასრულა თუ არა მან დავალება სრულყოფილად.

საიტის შევსება: როცა საიტი (მისი ჩონჩხი) მზადაა, მას ხორცი უნდა შეესხას – მოხდეს კონტენტის განთავსება საიტზე, ეს იქნება კომპანიის წარმდგენი მასალები თუ მისი მოკლე ისტორია, სტრუქტურისა და მიზნების აღწერა თუ საკონტაქტო ინფორმაცია.

ეს იყო ერთჯერადი სამუშაოები. მათი დამთავრების და საიტის გაშვების შემდეგ იწყება მისი პერიოდული მომსახურება:


საიტის მომსახურება: საიტს მუშაობის განმავლობაში სჭირდება მომსახურება – სიახლეებისა და სხვა ინფორმაციის განთავსება, მოძველებული ინფორმაციის წაშლა, გამოკითხვებისა თუ საპრეზენტაციო გვერდების გახსნა ან დახურვა და სხვა. ამ სამუშაოებს ასრულებს ე. წ. საიტის რედაქტორი, რომელსაც სპეციალური პაროლით წვდომა აქვს რედაქტირების ფუნქციებთან.

საიტის ადმინისტრირება: ამ ფუნქციას ასრულებს ე. წ. საიტის ადმინისტრატორი, რომელსაც თავისი პაროლით რედაქტორზე უფრო მაღალი (შეიძლება ყველაზე მაღალი) უფლებამოსილებები აქვს საიტზე – მას შეუძლია დანიშნოს და გააუქმოს რედაქტორები, შეუცვალოს უფლებები მომხმარებლებსა და მომხმარებელთა ჯგუფებს. მასვე შეეძლება სტრუქტურული ან სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა საიტზე. საიტის გაფართოების, მასზე მოდულების დამატების შემთხვევაში ამ დამატებითი სამუშაოს შემსრულებელი პროგრამისტი სწორედ მასთან ითანამშრომლებს. საიტის ადმინისტრატორის მოვალეობაა აგრეთვე იზრუნოს საიტის შეუფერხებელ მუშაობაზე და საჭიროების შემთხვევაში გაარკვიოს საკითხები ჰოსტერთან.

საიტის რედაქტორი და ადმინისტრატორი, როგორც წესი, საიტის მფლობელი კომპანიის თანამშრომელია, მაგრამ შეიძლება გარეშე პირიც იყოს.

საიტს პერიოდულად სჭირდება სახელისა და ჰოსტინგის გადასახადების დაფარვა, რაც შეიძლება ყოველწლიური იყოს, ან ყოველკვარტალური და სხვ.


ნებისმიერ ზემოთჩამოთვლილ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი სახის დახმარება გაგიწიოთ – უმნიშვნელო თანამონაწილეობიდან მთლიანად შესრულებამდე. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ სახელისა და ჰოსტერის შერჩევაში, რეგისტრაციაში, დაგიმზადოთ საიტი (გავრცელებულ CMS–სკრიპტებზე ან სპეციალური შეკვეთით, მათ შორის მრავალენოვანი), დაგეხმაროთ მის შევსებაში, მოგიმზადოთ პერსონალი (რედაქტორი და ადმინისტრატორი) ან ჩვენს თავზე ავიღოთ მათი ფუნქციები და გაგათავისუფლოთ საიტთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობისაგან; ასეთ შემთხვევაში ჩვენ პერიოდულად მივიღებთ თქვენგან სიახლეებსა და სხვა მასალებს (ელფოსტით ან სხვა საშუალებით) და განვათავსებთ თქვენს საიტზე, პარალელურად ყურადღებას მივაქცევთ მის მუდმივ მზადყოფნას და შეუფერხებელ მუშაობას.

შენიშვნა: ვებსაიტი არ არის აუცილებელი ინტერნეტში იყოს განთავსებული. თუ ვებსაიტი [ძირითადად] ერთი ორგანიზაციის თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი, ის შეიძლება ამ ორგანიზაციის შიდა სერვერზე ან სულაც ჩვეულებრივ კომპიუტერზე დადგეს და ის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ამ ორგანიზაციის შიდა (ლოკალური) ქსელიდან. ამ შემთხვევაში მთლიან სამუშაოს გამოაკლდება სახელისა და ჰოსტინგის რეგისტრაციისათვის საჭირო დრო და თანხები. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამუშაოების ჩატარებით ამ საიტთან გლობალური ქსელიდანაც შეიძლება გაკეთდეს წვდომა.




2. ვებსაიტების მომსახურება


თუ თქვენ უკვე გაქვთ საიტი, მაგრამ არის მისი მომსახურების პრობლემა, ჩვენ შეგვიძლია მოვემსახუროთ მას თქვენს ნაცვლად – განვათავსოთ თქვენგან მიღებული მასალები და შევიტანოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ცვლილება.

ასეთი მომსახურების მიღება შეიძლება თქვენთვის ხელსაყრელი აღმოჩნდეს, როცა საიტის მომსახურება არ წარმოადგენს ისეთ დატვირთვას, რომ მისთვის სპეციალური კვალიფიცირებული პერსონალის გამოყოფა იყოს მიზანშეწონილი, ხოლო სხვა პოზიციაზე დაკავებული თანამშრომლის დამატებით ფუნქციად – უკვე მეტისმეტი დატვირთვა გამოდის.

ჩვენი მომსახურების მიღებით თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა სამუშაოს დროულად ჩატარებით. გარდა ამისა, ჩვენ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენს საიტზე არ იქნება შეცდომები (გრამატიკული, სტილისტური, ფაქტობრივი, ორგანიზაციული თუ სტრუქტურული), გაუგებრობები ან ნებისმიერი სხვა სახის უწესრიგობები. იმედია, ამაში ჩვენი საიტის გადათვალიერებისას დარწმუნდებით.

საიტის შექმნასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, იმისგან დამოუკიდებლად, ვმონაწილეობდით თუ არა ჩვენ ამ პროცესებში, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენგან უფასო კონსულტაციები.


 

3. ყველაფერი ერთად – ერთ დღეში!

 

თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ მომსახურებას საიტი ერთ დღეში.

 

ეს ნიშნავს, რომ შეკვეთის მიცემიდან ერთ დღეში თქვენ გექნებათ სრულად ფუნქციონირებადი საიტი .com ან რომელიმე სხვა დომენზე (არა .ge), უკვე რეგისტრირებული სახელით, აღებული ჰოსტინგით და გამართული ადმინისტრირების სისტემით.

 



4. საიტის რებრენდინგი


თქვენ შეგიძლიათ იაფად, სწრაფად დაამზადოთ საიტი, რომელიც კარგად გაართმევს თავს თავის ფუნქციას – თქვენი კომპანიის წარდგენას და დამკვიდრებას ინტერნეტსივრცეში, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს საიტი ვეღარ აკმაყოფილებს თქვენი კომპანიისა და მისი კლიენტების გაზრდილ მოთხოვნილებას; ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება არა უბრალოდ რაღაც ცვლილებების შეტანა საიტზე, არამედ მისი ძირეული შეცვლა – კონცეპტუალური წარმოდგენებიდან დაწყებული და საიტის შესაძლებლობებით/ინსტრუმენტარიით დამთავრებული – ამას საიტის რებრენდინგი ჰქვია.

ჩვენ საკმაო გამოცდილება გვაქვს იმისათვის, რომ მონაწილეობა მივიღოთ თქვენი საიტის რებრენდინგში და სრულიად ახალი სახით წარვუდგინოთ იგი მის მომხმარებლებს. გარდა ამისა, ჩვენ მოვახერხებთ, რომ ეს მოხდეს სწრაფად და საიტის ფუნქციონირების შეწყვეტის გარეშე.




5. საიტის ოპტიმიზაცია

 

თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენს საიტზე უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვაც შეიძლება?

თქვენ გინდათ, რომ თქვენი საიტი ყველა საძიებო სისტემაში ჩანდეს?

თქვენ გინდათ, რომ საიტზე შემოვიდეს არა მარტო ის, ვინც მისამართი იცის და მიზნობრივად შემოდის თქვენს საიტზე, არამედ ისიც, ვინც რაღაც მსგავსს ეძებს და თქვენი პოტენციური მომხმარებელია?

თქვენ გინდათ, რომ თქვენი საიტის მომხმარებელი დარწმუნებული იყოს თავის აჩევანში?

ყველაფერ ამას მოკლედ საიტის ოპტიმიზაცია ჰქვია.

ეს თავისებური მეცნიერებაა და სპეციფიკური მეთოდები აქვს. ჩვენ საკმარისი გამოცდილება გაგვაჩნია იმისათვის, რომ ეს მეთოდები თქვენს სამსახურში ჩავაყენოთ.